logo
ENG



"რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში"- მთავრობის ადმინისტრაციასთან აქტივისტებმა აქცია გამართეს

01 ივნ 202119:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/01/1nnbzzho3z446cu.jpg
ვახო ქარელი/ფორმულა

"რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?" - მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს და ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნით პეტიცია შექმნეს.  

"სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის ნინოწმინდის ბავშვთა სახლში შესვლა და მათ მიერ მონიტორინგის განხორციელება", - აღნიშნულია პეტიციაში, - "კანონის შესაბამისად დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში". 

ნინოწმინდის პანსიონში, რომელიც საპატრიარქოს ექვემდებარება, ომბუდსმენს არ უშვებენ, თუმცა, შეუშვეს პრორუსული მედია და ორგანიზაციები. 

სახალხო დამცველი წლებია აცხადებს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტიურად იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. 

თუმცა, სახელმწიფოს ეს მოვალეობა არ შეუსრულებია. 

„სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება", - ნათქვამია გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია PHR-სთვის მიწერილ შეტყობინებაში.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აცხადებს, რომ გაერო მსგავს ბერკეტს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იყენებს. 

1-ლ ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიგეგმა

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, უცნობია ბავშვების მდგომარეობა მაშინ, როცა სახალხო დამცველის ბოლო მონიტორინგზე დაყრდნობით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები არიან.

"ვინაიდან დიდი დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების უსაფრთხოებას და სათანადო ზრუნვას, 1 ივნისს (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე), 18:00 სთ-ზე მთავრობის კანცელარიის წინ ვმართავთ საპროეტსო აქციას და საქართველოს მთავრობისაგან მოვითხოვთ:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში, სადაც მათ მიეცემათ ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა;
  • დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში". - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

close დახურვა